ბერლინი

berlin_skyline_silhouette

გავრცელებული აზრია და მეც ვეთანხმები, რომ უნდა გაერთო, ღამეები უნდა ათენო ბერლინში, რაც შეიძლება მეტი გასართობი ადგილი უნდა დალაშქრო. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა არაფერი უნდა აკეთო და დღისით უნდა გეძინოს. არავითარ შემთხვევაში. არავინ მოგატყუოთ, რომ ბერლინში დასათვალიერებელი დიდი არაფერია. ყველა კუთხე-კუნჭულშია მიმალული საინტერესო სანახაობა. უნდა ადგე და იარო, ძალიან ბევრი უნდა იარო და აღმოაჩინო.

ეს არის დამოუკიდებელი ტიპების ქალაქი. თავის დროზე დააქუცმაცეს და თითქოს ხალხმა ისწავლა, რომ ყველამ თავის თავს უნდა მიხედოს, სადაცაა იქაურობას უნდა მიხედოს და მერე ხალხის ეს აზროვნება აისახა ქალაქის განვითარებაზე. აქ არ არის ერთი, ძირითადი ცენტრი. ევროპის ყველა ქალაქშია ტურისტული ცენტრი და რაც უფრო ცილდები ცენტრს, უფრო თვალშისაცემია განსხვავებები არქიტექტურაში, ხალხის რაოდენობაში, ბევრ რამეში. ზოგან მეტად, ზოგან-ნაკლებად თვალშისაცემი, მაგრამ მაინც არის, ბერლინში – არა. ბერლინში ბევრი ცენტრია. დაჯდები მეტროში, წახვალ სადღაც შორს, უმისამართოდ, იმის ინტერესით, რომ იქნებ გარეუბანში მოხვდე, მაგრამ ვერ მოგართვით. ყველა მეტროს ამოსასვლელთან ერთნაირად განვითარებული ინფრასტრუქტურაა, თან ყველა უბანი ახერხებს ინდივიდუალურობის შენარჩუნებას. თავისუფლად შეგიძლია, უბნები დაყო პატარ-პატარა ქალაქებად და ყველა იქნება უნიკალური, ყველას ექნება თავისი ცენტრი. უნდა გახვიდე ქალაქში, დაიკარგო და ისიამოვნო.

მიუხედავად იმისა, რომ ბერლინში მავანმა შეიძლება ბედნიერება ჰპოვოს და ძირითადად ასეც ხდება ხოლმე (#ბერლინიაბედნიერებს), თვითონ ქალაქი, თავისთავად, ჩემი აზრით, არის დეპრესიული. სევდიანია. აი ჰოლანდიაში ბედნიერდები იმიტომ, რომ თვითონ ხალხია ბედნიერი და ეს ბევრი ბედნიერება ქვეყანაში იჟღინთება, აქ – არა. მთელი თავისი უბედური წარსული ლოდად ადევს ქალაქს და ამ სევდის მისაჩქმალად და თავის გასამხიარულებლად, ქმნიან და ქმნიან გასართობ ადგილებს, ხატავენ ყველგან და ყველაფერზე, კარს უღებენ კრეატივს, რას აღარ იგონებენ. შენ ჩადი, გაერთე, იბედნიერე, გაუხარდება. უბრალოდ თვითონ ის ტიპია, მშვიდად რომ დგას ხალხით სავსე კლუბში, დიჯეის უკან, სევდანარევი ღიმილით, ნელა ამოძრავებს თავს და აუდიტორიას ავლებს თვალს. კმაყოფილია, მაგრამ არა ბედნიერი.

ისეთი ქალაქია, სულ რომ მოგინდება, მიბრუნდე.

 

Posted in Uncategorized | 1 Comment

ამსტერდამი / Amsterdam

… და მე მივხვდი, რომ ის ის იყო და მე მე ვიყავი 😀

amsterdam

საერთოდ არაა საჭირო, გრანდიოზული და რაიმე დიადი მნიშვნელობის მატარებელი შენობები იყოს ქალაქში, ფეხის შედგმისთანავე რომ აღგაფრთოვანოს.

აეროპორტიდან პირდაპირ გაგანია ცენტრში იშვიათად ხვდები ადამიანი, ამსტერდამში ასე გამოდის, ცენტრალური სადგურიდან გამოსული იქ ხარ, შუაგულში. ქალაქში გამოსულს მაშინვე პლანის სუნი გეფეთება და შეიძლება ეს საერთოდ არ გსიამვნებდეს (როგორც მე), მაგრამ ეს სუნი, რომელსაც მერე ეჩვევი და თანდათან ვეღარც გრძნობ, ვერ გიშლის ხელს ამ ქალაქით ტკბობაში. დადიხარ და ათვალიერებ სახლებს, ჩვეულებრივ სახლებს, საცხოვრებელს. ერთმანეთზე მიდგმული, ერთმანეთისგან განსხვავებული პროპორციებით, ზომებით, ფერებით, მაგრამ მაინც იდეალურად შერწყმული, ათობით ასეთი სახლი ერთ მთლიანობას ქმნის ❤ დიდი ფანჯრები, ღია კარებები, თავისუფლება. დადიხარ ქუჩებში და თამამად შეგიძლია დაათვალიერო, რომელ შენობაში რა ხდება. ზოგი საცხოვრებელი სახლია, ზოგი ოფისი, ზოგი კაფე და ზოგი მაღაზია, ყველა მათგანის კარი ღიაა, ყველა ადამიანი, რომელიც იქ ტრიალებს, თავისუფლად გრძნობს თავს და ეს სილაღე მთელ ქალაქშია გაჟღენთილი, მთელ ქვეყანაში. ყველა სახლი ხელოვნების ნიმუშია თავისი დეკორაციებით და ინდივიდუალური სტილით, გამზადებულია ფოტოს ან ფილმის გადასაღებად.

ამსტერდამი პატარა ქალაქია. თუ გეგონათ, რომ ევროპულ ქალაქებში “ნაცნობობა არ იციან” და ქუჩაში შემთხვევით ნაცნობებს არ აწყდებიან, წადით ამსტერდამში 🙂 მეზობლობა იმათ არ ეშლებათ და მეგობრობა 😀 სოციალური ხალხია: საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხმაურია (საკმაოდ ომახიანები არიან), ბარებში ბოკალ ღვინოზე სხედან და გაუთავებლად საუბრობენ, ყველაზე ნაკლები სმარტფონში თავჩარგული და სელფის სტიკიანი ხალხისგან შემდგარი ქალაქია, რაც მინახავს. სხვათა შორის, ბევრხალხიანი დაჯგუფებული ტურისტებიც ნაკლებად, არ გადამყრიან. ინგლისური ყველამ იცის და კითხვების დასმა ჰობად გადამექცა, ისეთი ენთუზიაზმით გიხსნიან და თან ყოველთვის აქვთ სწორი პასუხი ❤ მაღლები, ტანადები, ლამაზები, ბედნიერები…

ამასთან ერთად: გემრიელი საკვები, არხებში მოცურავე ნავები, ველოსიპედების კასკადი… მეტი რა გინდა სრული ბედნიერებისთვის 🙂 არც უნდათ, ადგილობრივებს საერთოდ არ აინტერესებთ მოსაწევი, სოკოები და ნამცხვრები, ისედაც ძალიან ბედნიერები არიან.

ამსტერდამი თანამედროვე, 30იოდე წლის სიმპათიური ყმაწვილია 😀 სადმე გაეროში, ევროპარლამენტში ან რაღაც ეგეთ ადგილას მუშაობს, ნუ რა თქმა უნდა ველოდიპედით გადაადგილდება, ოჯახთან და მეგობრებთან დროის გატარებაზე გიჟდება, მუდამ ღიმილიანია და ყოველთვის მზადაა, სხვებს დაეხმაროს ❤

Posted in Uncategorized | Leave a comment

რომი / Rome

მარადიული ქალაქი 🙂

rome-484366_640

ტყუილად არ შეურქმევიათ რომისთვის მარადიული ქალაქი და მე თქვენ გიამბობთ, რატომ.

რომისკენ როცა მივემართებოდი, ყველაზე ნაკლებად კოლიზეუმი და ფორუმი მაინტერესებდა. კოლიზეუმი იმიტომ, რომ ყველა რაკურსით და ყველა ამინდში მინახავს სურათებში, ზომებიც დაახლოებით ვიცოდი და აი რა უნდა იყოს ისეთი, რომ გამიკვირდესთქო. ფორუმი კი იმიტომ, რომ საერთოდ, ნანგრევების მიმართ გულგრილი ვარ. ეტყობა ფანტაზია ვერ “მიქაჩავს” იმდენს, რომ წარმოვიდგინო, ადრე რა იყო და ო როგორ ფასობს, რომ ასეთი ძველია… ამიტომ გადაწყვეტილი მქონდა, პირველ დღეს ამ ნაწილს უცებ “მოვითავებ” და აღარც მივუბრუნდები მერეთქო, მაგრამ რაც შემდეგ მოხდა, ყველას გაგაოცებთ 😀 კოლიზეუმზე მოლოდინები გამიმართლდა. მივედი, ვნახე, 1-2 სურათი გადავიღე და გავაგრძელე გზა 😀 აი რაც შეეხება ფორუმს… ვიცოდი, რომ იყო შემაღლებული ადგილი, საიდანაც ხედი იყო ფორუმზე და შესვლასა და იქ ბოდიალში დრო და ფული რომ არ გადამეხადა, ავუყევი აღმართს, მივაგენი იმ ადგილს და დავიწყე ხედით ტკბობა. თითქოს ნანგრევებია და ისეთი არაფერი, მაგრამ რაღაც მიმზიდველი ძალა აქვს ამ ადგილს და საოცრად ლამაზი გეჩვენება. უყურებ, იცი, ობიექტურად და ცივი გონებით ქვების გროვაა, მაგრამ რაღაც დიდ გავლენას ახდენს შენზე და გაფორიაქებს. აქედან იწყება და არ მთავრდება ხედები ძველ რომზე, ანტიკური ხანის შენობებზე და რაც უფრო მაღლიდან უყურებ, უფრო მოხიბლული რჩები. რაც უფრო მეტ დროს ატარებ ძველი რომის ტერიტორიაზე, უფრო გიჭირს გზის გაგრძელება. პრინციპში, მესამე პირში რატომ ვლაპარაკობ, მე დამემართა ასე.

მერე რაღაც მომენტში მივხვდი, რომ კიდევ ბევრი მაქვს სანახავი და დრო არ ითმენს და გავაგრძელე გზა, გავცდი ნანგრევებს და შედარებით ახალ რომში გადმოვინაცვლე. აი პრაღა ხომ ულამაზესია, აგრერიგად რომ მოგვწონს მისი ქუჩები 🙂 რომი არის 10ჯერ დიდ ფართობზე გაშლილი, სიმაღლე-სიგანეში გაფართოებული, ფერებით კიდევ უფრო გამდიდრებული და გამძაფრებული სილამაზე 🙂 შეიძლება იარო 50, 60, 80 კილომეტრი, სულ ცენტრალურ და “სანახავ” ადგილებში და ორჯერ ერთსა და იმავე ადგილას არ მოხვდე, ისეთი მასშტაბურია.
უნდა იარო, ფეხების დატეხვამდე უნდა იარო და არ გაჩერდე, რომის ყველა კუთხე-კუნჭულში გასაოცარი სილამაზე იმალება.

რომი არის ადამიანი ღიმილიანი სახით და გიგანტური ხელებით, იმხელა ხელებით, რომ ეყოს და ყველა ადამიანს შემოახვიოს და ჩაეხუტოს, ვინც მასთან მივა. არავის ზემოდან არ უყურებს, რითაც კიდევ უფრო ღირსეული ხდება გარშემომყოფებისთვის.

პ.ს. რომში დარჩება ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი, “სპეცეფექტებიანი” და ყველაზე ამაღელვებელი მზის ჩასვლა ❤

Posted in Uncategorized | Leave a comment

სან მარინო / San Marino

დრო მოვიდა, ერთ ზღაპრულ ქვეყანაზე გიამბოთ 🙂

თუ სადმე სამართალი არსებობს, ხომ უნდა არსებობდეს ამქვეყნად ერთი ისეთი ქვეყანა, სადაც არ ექნებათ ქალაქებს გარეუბნები, გაუბედურებული ასანთის კოლოფებივით მაღალი კორპუსები, და ჰორიზონტზე არ გამოჩნდება რაღაც, რაც ხედს გაგიფუჭებს? ჰოდა, თქვენ წარმოიდგინეთ, თურმე არსებობს, მინიმუმ ერთი, მე მას მივაგენი და მისი სახელია სან მარინო! ნუ ძნელი საპოვნელი არცაა, კაცმა რომ თქვას 😀

მისი დედაქალაქი – სან მარინო ქვეყნის ყველაზე მაღალ წერტილში იმყოფება. ზუსტად ვერც ამჩნევ, სად მთავრდება რიმინი და იწყება სან მარინო, ნელ-ნელა გზა უფრო და უფრო იკლაკნება და ვიწროვდება, ყოველ ახალ მოსახვევში ფიქრობ, რომ არა, აქ უკვე ვეღარ გაეტევა ეს ავტობუსი… ადიხარ სულ ზევით, ზევით და ბოლოს პატარა გავაკებულზე ავტობუსიც ჩერდება. გადმოდიხარ ავტობუსიდან და მაშინვე სუნთქვა გეკვრება, ისეთი ლამაზი ხედი იშლება შენ წინ: მაღლიდან უყურებ ფენა-ფენა გორაკებს და ამ გორაკებზე მიმოფანტულ პატარ-პატარა დასახლებებს, წითელი სახურავებით, უ კ ო რ პ უ ს ო დასახლებებს. საკმაოდ მაღალზე ხარ და ჰორიზონტზე არსად ჩანს კორპუსი, საერთოდ არაფერი გიფუჭებს ხედს. ან ლამაზი სახლებია, ან მინდვრები, ან პატარ-პატარა დამუშავებული მიწები. და ეს არის ქალაქში შესასვლელი ტერიტორია.

ქალაქი გარშემორტყმულია გალავნით. გალავანს გაცდები – სან მარინოში ხარ, გამოცდები – არ ვიცი იმ ნაწილს რა ქვია 😀 შედიხარ და სადღაც ძველ დროში ხვდები, ყველაფერი ქვის ან ხისაა, პატარა და კოხტა. ბევრი სიმწვანე და ფერადი ყვავილები, წვრილი ქუჩები და სუულ აღმართზე დადიხარ, აი ისეთ აღმართზე, ფეხზე ხელის დაყრდნობის სურვილი რომ გიჩნდება. ადიხარ, ადიხარ, ყველაფერი მოგწონს გარშემო და მერე უცებ აღმოჩნდები სადღაც კენწეროში 🙂 და ქვევით თუ 180 გრადუსიანი ხედი იყო, აქ უკვე 360 გრადუსიანი ხედი იშლება, კიდევ უფრო მაღლიდან! ამ ქალაქს სამი “წვერი” აქვს და სამივეს ამაყი ქვისგან ნაგები სასახლე ამშვენებს. ზღაპრის გმირი პრინცესები და პრინცები რომ უნდა ცხოვრობდნენ, ისეთი სასახლეებია. გადადიხარ ერთიდან მეორეში და თან ულამაზესი ხედებით და ტყეებით ტკბები და თავი შენც ზღაპრის გმირი გგონია.

არადა, სან მარინოზე სურათები რომ მოიძიოთ, აი ამის მეტს ვერაფერს ნახავთ:
Fortress_of_Guaita_2013-09-19.jpgდა ამის გამო ფეხს ვითრევდი, ხან რომელი ქალაქით მინდოდა შემეცვალა, ხან რომლით… ბოლოს მაინც იმ ფაქტმა გადაწონა, რომ სხვა ქვეყანა იყო და კიდევ კარგი გადაწონა! ჩემი მხრიდან, გირჩევთ, ახლოს თუ მოხვდებით, აააუცილებლად ესტუმრეთ ამ ულამაზეს და ზღაპრულ ქვეყანას. ოღონდ, ამინდის პროგნოზი შეამოწმეთ, თორემ ვაიდა ნისლი თუ დაგხვდათ, ვერაფერს ვერ დაინახავთ და წამოხვალთ იმედგაცრუებულები 🙂 აი თუ გაგიმართლათ და მზიან ამინდში მოხვდით იქ, ალბათ ცხოვრების ყველაზე ლამაზ მზის ჩასვლასაც იხილავთ. მე ეგრეც არ გამმართლებია…

ჩემს მეხსიერებაში არსებულ ქალაქებს რომ გადავავლე თვალი შედარებისთვის, გროჟნიანს მივამსგავსე, თუმცა ეს უფრო ამაყი და მედიდური ტიპია, თავისი გალავნით და სასახლეებით. ყველა სიკეთესთან ერთად, ეს გახლავთ  ევროპის უ ძ ვ ე ლ ე ს ი სახელმწიფო და ნამდვილი დემოკრატიის შუქურა, კი აქვს სიამაყის საფუძველი 🙂

პ.ს. ისე, დღეს ფეისბუქმა ამომიგდო, შარშან ამ დღეს დამიწერია თურმე გროჟნიანზე, არადა მაგის გარეშეც დღეს ვგეგმავდი სან მარინოზე დაწერას… რაღაც არსებობს! 😀

Posted in Uncategorized | 3 Comments

ბოლონია / Bologna

მაშ ასე, ვიწყებ!

51yOL5erPUL._SX522_

ბევრი ვიარე თუ ცოტა ვიარე, მივადექი ჩემი ოცნების ქვეყანას და პირველად ბოლონიაში შევაბიჯე ფეხი. აქ პატარა ჩანართი უნდა გავაკეთო:

საერთოდ, ყოველი მოგზაურობის წინ სიხარულთან ერთად მერევა ხოლმე შიში. ეს შიში არც ფრენას უკავშირდება და არც იქ სადმე დაკარგვას ან რამე ამდაგვარს. ყოველი წასვლის წინ ცოტა მეშინია, რომ ეს მოგზაურობა შეიძლება ვერ იყოს ისეთი მაგარი, როგორიც იყო წინა, ან იმის წინა, ან იმის წინის წინა… სულ მეშინია, რომ ვაიდა ის შავი დღე არ გამითენდეს, მოგზაურობისგან უდიდეს სიამოვნებას რომ ვეღარ მივიღებ, არ მივეჩვიო და ჩვეულებრივი ამბავი არ გახდეს უცხო ქვეყანაში ბოდიალი. აი ამის მეშინია, ცოტა კი არა, მგონი გვარიანად მეშინია და პირველად ვაჟღერებ ამას ხმამაღლა. ჰოდა, რატომ გავამახვილე ყურადღება: რაც უფრო მაღალი მოლოდინები მაქვს სანახავი ადგილის მიმართ, მით უფრო ძლიერია ეს შიშიც. ამიტომ, იტალიაში წასვლამდე განსაკუთრებულად ვნერვიულობდი, ვფიქრობდი, ვაიდა არ აღმაფრთოვანოს, სად მივდივარ მერე, რა მეშველებათქო…

ხოდა ჩავედი ბოლონიაში. დავდივარ, ვიხედები აქეთ-იქით, ყურადღებას ვამახვილებ განსაკუთრებულ ბოლონიურ არქიტექტურაზე და ტვინს ვბურღავ გადახურულ ტროტუარებზე საუბრით 🙂 იქით კოშკები, აქეთ – პიაცები, დავდივარ, კარგია, აშკარად ლამაზია, ხალხიც ბევრია, მუსიკაცაა, აქტიურობაც… მაგრამ, აბა გულისფანცქალი? რატომ არაა? რა დავაკელი? 😀 ალბათ პირველი-მეორე ევროპული ქალაქი რომ ყოფილიყო ჩემთვის, სიხარულის კივილისგან თავს ან შევიკავებდი, ან ვერა, ვინ იცის, მაგრამ ამჯერად ემოციებით ვერ დამხუნძლა ბოლონიამ. არადა, ობიექტურად, მართლა ლამაზი ქალაქია, თითქოს წუნს ვერ უპოვნი…

პიროვნულ დახასიათებას სხვა დროს მოვუფიქრებ, გული მიგრძნობს, კიდევ მოვხვდები ამ ქალაქში და უკეთესად გავიცნობ, ჩემი და wizzair-ის ამბავი რომ ვიცი 😀

Posted in Uncategorized | 1 Comment

სენტენდრე / Szentendre

იმით დავიწყებ, რომ არ ვიცი, სწორად გამოვთქვამ თუ არა ამ ქალაქის სახელს, ლათინური ასოებით რომ სწორად მიწერია ის ვიცი მარტო. საერთოდ, უნგრული ერთადერთი ენაა, რომლის სიტყვების გამეორებაც ვცადე და დაახლოებითაც ვერ მოვახერხე და დაწერილს სულ სხვანაირად ვკითხულობ.
სხვაგან წავედი, საქმეზე გადავიდეთ.

Szentendre.10
ეს პატარა ქალაქი უნგრეთში, ბუდაპეშტის ახლოს მდებარეობს. დაახლოებით მცხეთა რომ წარმოიდგინოთ, ოღონდ მცხეთა უფრო დიდიცაა და ისტორიული მნიშვნელობითაც ნამდვილად ვერ შევადარებ სენტენდრეს (თუ რაც ქვია). ეს ადგილი იმისთვისაა, რომ ნახო დედაქალაქს იქით როგორია უნგრეთი. კოხტა, უბრალო, ჩუმი, ცოტა ღარიბული და არაფრით გამორჩეული, თუმცა საყვარელი. დედა, ეს რა ვნახეო, არ იტყვით ნამდვილად, მაგრამ, ჩემი აზრით, იმისათვის, რომ ქვეყანაზე რაღაც წარმოდგენა შეიქმნა, დედაქალაქის გარდა მინიმუმ ერთი ქალაქი/სოფელი მაინც უნდა ნახო და უნგრეთის შემთხვევაში ეს მარტივია – დაჯექი მატარებელზე და ცენტრიდან 25 წუთში იქ ხარ. აქედან გამომდინარე, ეს პაწაწინა ქალაქი არ უჩივის ტურისტების სიმწირეს და არ გეგონოთ, რომ სიმშვიდესა და მყუდროებაში ამოყოფთ თავს.
აქ ნახავთ უნგრეთში ყვეეელაზე ვიწრო ქუჩას და შეგიძლიათ ესტუმროთ მარციპანის მუზეუმს, სადაც შაქრის სუნით გაჟღენთილი კედლები და უამრავი მოულოდნელი ქმნილება დაგხვდებათ – ყველაფერი მარციპანისაგან!
ასე რომ, ჩემი რეკომენდაცია სენტენდრეს იმ შემთხვევაში, თუ დრო გაქვთ ბუდაპეშტში და იდეები შემოგაკლდათ.

პორტრეტს რაც შეეხება: ჭაღარა, დაბალი და პუტკუნა ბებო, შოკოლადებს რომ იპარავს ცოტ-ცოტას და საღამოობით დაქალებთან ერთად რომ გამოდის სასეირნოდ და იმაზე სალაპარაკოდ, თურმე ყავაში ერთ მწიკვ მარილს თუ ჩაყრი უფრო არომატული რომ ხდება და ყვითელი ხილი გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე რომაა მისწრება 😀

Posted in Uncategorized | Leave a comment

კრაკოვი / Kraków

krakow-poland

ის ორი თვე, პოლონეთში როცა ვცხოვრობდი, კრაკოვი ჩემთვის იყო უახლოესი “დიდი” ქალაქი, რომლიდანაც მარტივად შეგეძლო დაგეგეგმა სხვა ქალაქებში გადაადგილება. ამიტომ, კრაკოვის გახსენებაზე ინსტიქტურად რუკა წარმომიდგება თვალწინ, სადაც კრაკოვი დიდი შრიფტით წერია და ბევრი წითელი წყვეტილი ხაზი გადის სხვადასხვა ქალაქების მიმართულებით 🙂 ჰოდა რა გასაკვირია, რომ მიყვარს ეს ქალაქი. პოლონეთის ულამაზეს ქალაქობაზე აქვს პრეტენზია, პოლონელები მისით ამაყობენ. შესაბამისად, პოლონეთს თუ უმიზნებთ, პირველ რიგში კრაკოვზე უნდა იფიქროთ. ზოგი ამბობს ვროცლავიაო ყველაზე ლამაზი ქალაქი, მე არ ვარ ნამყოფი და ვერ გეტყვით, თუმცა სადაც ნამყოფი ვარ, იმათ შორის ნამდვილად ყველაზე ლამაზი ქალაქია, ევროპული: ძველ ქალაქში მთავარი კათედრალის წინ ცენტრალური მოედნით, ცხენებშებმული ეტლებით, ღია კაფეებით და რა თქმა უნდა წვრილი დახვეული ქუჩებით. ქართული რესტორანიც იქვე რომაა, მგონი ჩემი 4 წლის ძმიშვილის ყურამდეც მივიდა უკვე 🙂 ამას ემატება პოლონური, ანუ სავსებით მისაღები ფასები და შედარებით ნაკლები ტურისტების რაოდენობა, ყოველ შემთხვევაში, ფეხებში არ გედებიან. ეს ყევლაფერი ერთად კი იმას ნიშნავს, რომ უნდა წახვიდეთ, დაისვენოთ და ისიამოვნოთ. ორი დღე სრულიად საკმარისია კარგად დათვალიერებისთვის.
სურათებს შეგნებულად არ ვდებ. გადავწყვიტე, რომ ასე ჯობია (ცოტა დაგვიანებული გადაწყვეტილება კია, მაგრამ არაუშავს).

ხასიათს რაც შეეხება: მშვიდი და გაწონასწორებული ტიპია, მოწესრიგებული, სტაბილური. საჭირო კონტაქტებს არ უჩივის და მეტად პატივცემული ვინმეა საზოგადოების მიერ. მგონი ქალია, სასიამოვნო გარეგნობით.

 

Posted in Uncategorized | Leave a comment